საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიტერატურული შეხვედრა მწერალ, დათო ტურაშვილთან

10 მაისს, საქართველოს საელჩომ, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართველებთან მწერალ დათო ტურაშვილის ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან კომპანია ეთნო ტურის მოგზაურებმა.

7 მაისიდან 12 მაისამდე, დათო ტურაშვილი, ეთნო ტურის მოგზაურებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში რომანის - „სხვა ამსტერდამი“ გზას გადის და სხვადასხვა ქალაქებსა თუ პროვინციებში  საკუთარ ნაწარმოებს აცოცხლებს. რომანი „სხვა ამსტერდამი“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია.

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დასწრე საზოგადოებას. მან მწერლის ნაწარმოების შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ 19 თებერვალს, ბერლინალეს კინოფესტივალისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივ პროექტზე Books at Berlinale რომანი „სხვა ამსტერდამი“ იყო წარდგენილი. ეს ნაწარმოები პირველი ქართული წიგნია, რომელიც ამ ფესტივალზე წარსდგა. Books at Berlinale-ზე წარსადგენად ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასობით სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს.

საელჩოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დათო ტურაშვილმა საკუთარი ნაწარმოებების შესახებ ისაუბრა. დღემდე, ნიდერლანდურად ნათარგმნია მწერლის სამი რომანიჯინსების თაობა,ტყეების მეფე: ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“. და „სხვა ამსტერდამი“.

შეხვედრაზე მწერალმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შესახებ ისაუბრა. მან მიმოიხილა 1918 -1921 წლების მოვლენები და საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. 2018 წლის მაისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე სრულდება.

დათო ტურაშვილი ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენას გამოეხმაურა  და ქართული ლიტერატურისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 1976 წლიდან ყოველ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სხვადასხვა ქვეყანა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. 2018 წელს საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსი საფრანგეთის შემდეგ მიიღო.

ღონისძიების ბოლოს საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, დათო ტურაშვილს დაბადების დღე მოულოცა.  მწერლის 52-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, საელჩომ სიურპრიზი მოუწყო დათო ტურაშვილს და სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი მიართვა.