საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია ამსტერდამში

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით 29 მაისს, ამსტერდამში „De La Mar Theater“-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოში ტურისტული კუთხით არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. ელჩმა მედიასა და ტურისტულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი ინტერესის გამოხატვისათვის.  ნიდერლანდებში აქტიურად  ქვეყნდება ინფორმაცია საქართველოს, როგორც დასვენებისა და მოგზაურობისათვის, ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის შესახებ. „დღეს თქვენ შესაძლებლობა გაქვთ კიდევ ერთხელ აღმოაჩინოთ საქართველო - გამორჩეულად ლამაზი ქვეყანა, მრავალფეროვანი ბუნებითა და ტურისტებისათვის მიმზიდველი გარემოთი“- განაცხადა ელჩმა.

ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტული სტრატეგიისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლმა ნინო ტურაშვილმა. ასევე, ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა კომპანია Ghvino.nl”-ის ხელმძღვანელმა პიტერ ბლეიკერმა და დამსწრე საზოგადოებას ქვევრის ღვინის შესახებ ესაუბრა. პრეზენტაციების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ქართული ღვინო  და კერძები დააგემოვნეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველო სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ნიდერლანდების სამეფოდან ჩამოსული ტურისტებისათვის. 2018 წელს  ოთხი თვის მონაცემებით 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.