საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ კონცერტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად

4 ივნისს, ჰააგაში, თეატრში „Diligentia”, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულის კორნელის ხაისბერტუს დე იახერის მხარდაჭერით, ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.  კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

ღონისძიება საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ელჩმა აღნიშნა, რომ 2018 წელს საქართველოსათვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. სწორედ ამიტომ, ამ ღირსშესანიშნავი თარიღის სათანადოდ აღსანიშნავად, ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ კონცერტი დაიგეგმა. “ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე“- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ. 

გამოსვლის ბოლოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულს კორნელის ხაისბერტუს დე იახერს და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

მიღებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალური წარმომადგენელი, ადრიაან პალმი,  რომელმაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ნიდერლანდების სამეფოში „სუხიშვილებმა“ 90-იანი წლების შემდეგ პირველად იცეკვეს. კონცერტს 400-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო. ქართული ეროვნული ბალეტის ნიდერლანდების სამეფოში მასპინძელია სასტუმრო „Best Western Hotel”.

განსაკუთრებული მადლობა ქართველ სტუდენტებს ანა თავაძესა და თეკლა თევდორაშვილს, რომლებიც სპეციალურად კონცერტისათვის ფოტო-ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფდნენ.