საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი

8 აგვისტოს, საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, ჰააგის აკადემიის საერთაშორისო სამართლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. კონსტანტინე სურგულაძემ სტუდენტებს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას, რის გამოც არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. ელჩმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტების შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. კონსტანტინე სურგულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე, მათ შორის ისეთ მძიმე შემთხვევებზე, როგორიც გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიორგი აბდალაძის და ლელი ბლაგონრავოვას ფოტოები. ასევე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ მომზადებული ფოტომასალა, რომელიც გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში. ფოტოგამოფენა 2008 წლის ომში დაღუპულ ჟურნალისტებს, მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ეძღვნებოდა.

ფოტოგამოფენის დროს საქართველოს ელჩმა ჰოლანდიის ტელეკომპანია „RTL Nieuws”-ის ოპერატორის სტან სტორიმანსის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ კასეტური ჭურვის ჩამოგდებას ემსხვერპლა. კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 7 აგვისტოს, 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვა სტან სტორიმანსი.