საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

23 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების სწავლებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ეწვიონ სხვადასხვა საელჩოს და გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას.

საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის 17 სტუდენტს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს.

შეხვედრაზე კონსტანტინე სურგულაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიორგი აბდალაძის და ლელი ბლაგონრავოვას ფოტოები. ასევე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ მომზადებული ფოტომასალა, რომელიც გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში. ფოტოგამოფენა 2008 წლის ომში დაღუპულ ჟურნალისტებს, მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ეძღვნებოდა.