საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩთან, კონსტანტინე სურგულაძესთან, გამოსამშვიდობებელი მიღება

26 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩთან კონსტანტინე სურგულაძესთან და მის მეუღლესთან ნინო რუსაძესთან გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

საზეიმო მიღება საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის გამოსამშვიდობებელი სიტყვით გაიხსნა. ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ელჩის რანგში ნიდერლანდების სამეფოში  საქმიანობას 1 დეკემბერს ასრულებს.  გავლილი ოთხი წლის მიმოხილვისას კონსტანტინე სურგულაძემ იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი ელჩობის დროს განხორციელდა. „2015 წელს ნიდერლანდების სამეფომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხების“ რატიფიცირება მოახდინა. 2017 წლის მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს 100 მილიონი ევროს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ დროს მერგო პატივი საქართველო წარმომედგინა ნიდერლანდების სამეფოში და წვლილი შემეტანა საქართველოსთვის ისტორიული მიღწევების განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჰოლანდიის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერისათვის“- განაცხადა ელჩმა.

გამოსამშვიდობებელ მიღებაზე საელჩოში იმყოფებოდნენ განსაკუთრებული სტუმრები ამბერ და ტიმ სტორიმანსები. ამბერი და ტიმი,  ტელეკომპანია „RTL”-ის ოპერატორის სტან სტორიმანსის შვილები არიან. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით,  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დროს, სტან სტორიმანსი, 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ ისკანდერის ტიპის კასეტური ჭურვის ჩამოგდებას ემსხვერპლა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 7 აგვისტოს, 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილოვა სტან სტორიმანსი. აღნიშნული ღირსების ორდენი საქართველოს ელჩმა ამბერ და ტიმ სტორიმანსებს გადასცა.

ღონისძიებაზე კონსტანტინე სურგულაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. „ნიდერლანდების სამეფოში ქართულ დიასპორას დიდი წვლილი მიუძღვის ნიდერლანდებს და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაში. მე ვგრძნობდი ქართული დიასპორის მხარდაჭერას და დასაფასებელია მათი როლი საქართველოს წარმოჩენის კუთხით“- განაცხადა ელჩმა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა დიასპორული ორგანიზაციებისა და საზოგადოებების ხელმძღვანელები. მადლობის სიგელები გადაეცათ „ქართული დიასპორა-ქართველთა სათვისტომო“-ს ხელმძღვანელს, ნატალია ჩადუნელს; „ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრი“-ს ხელმძღვანელსა და დამფუძნებელს თიკა სვანიძე-ვენკოს და ცენტრის მრჩეველს ლალი ბუთბაიას; ფონდების „ევროარტი“ და „არტ-ექო“-ს დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დალი უბილავა-დე გრააფს; საზოგადოება „ბაგრატიონი“-ს ხელმძღვანელს, მაია ადუაშვილს და საზოგადოება „ქართული სახლი“-ს ხელმძღვანელს არჩილ ჯავახაძეს. ასევე მადლობის სიგელები გადაეცეთ ამსტერდამში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „სიხარულის“ პედაგოგებს ნელი სვანიძესა და ხათუნა კავთელაძეს.

საქართველოს ელჩთან გამოსამშვიდობებელ მიღებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების მთავრობის, კულტურისა და განათლების სფეროს, ბიზნეს სექტორის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.