საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა „თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ხალხის პარტიის“ პრეს-სპიკერთან და ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატთან, სვენ კოპსმანთან

13 მარტს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატთან და „თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ხალხის პარტიის“ სპიკერთან, სვენ კოპსმანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ნიდერლანდებსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. საუბარი შეეხო ნიდერლანდების და საქართველოს პარლამენტებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ორი ქვეყნის პარტნიორობას. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატას შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაესვა 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება.  

საქართველოს ელჩმა ჰოლანდიელ პარლამენტარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ასევე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ნიდერლანდების პარლამენტის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.