საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტოგამოფენა“ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე“

17 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ბრძოლა დამოუკიდებლობისათვისგაიხსნა.

გამოფენა 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის იუბილეს ეძღვნება, სადაც წარმოდგენილია საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა.

საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ გამოფენის გახსნაზე აღნიშნა, რომ 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. იმ ღამეს ასევე დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. „9 აპრილი უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა. 30 წლის წინ სისხლი დაიღვარა, იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. 9 აპრილი არის სიმბოლო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ქართული სულის გამარჯვებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა.“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს ელჩმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებული რეფერენდუმის შესახებაც ისაუბრა, სადაც ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. 

ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ერეკლე კოპლატაძემ. მან აღნიშნა, რომ 9 აპრილს თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდების დამსახურებით ის დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. „მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ დავიცვა მათ მიერ მოპოვებული ღირებულებები. მათი დამსახურებით მე მაქვს ქართული პასპორტი და ჩვენ ყველა მადლობელნი ვართ დამოუკიდებლობისათვის. სამწუხაროდ, ბრძოლა თავისუფლებისათვის კვლავ გრძელდება. ამჟამად ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიული ერთიანობისათვის გვიწევს ბრძოლა“ - განაცხადა ერეკლე კოპლატაძემ.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაზე საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში. გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 4 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, პრეზიდენტის ღირსების ორდენები გადასცა: საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულს კორნელის ხაისბერტუს დე იახერს და ქართული კულტურის, მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის კულტურათაშორისი მენეჯმენტისა და კავკასიის კონფლიქტების საკითხებში ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს ფრანცუაზა ჯულიეტ კომპანიენს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა საელჩოში დამთვალიერებლისათვის 30 აპრილამდე დარჩება. საელჩოს ინიციატივით, გამოფენაზე მოწვეულნი არიან ნიდერლანდების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.