საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

19 აპრილს საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს უახლეს ისტორიას.

შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაესვა 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება.  

ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგაც კი რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ფოტოგამოფენა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა.