საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღონისძიება ლიმბურგის რეგიონში „Georgia meets Heerlen”

 

3 ივნისს საქართველოს საელჩოსა და ქ. ჰეერლეს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე კომპანია „Heerwegen”-ისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის „Communications-Unlimited”-ის ინიციატივით ღონისძიება „Georgia meets Heerlen” გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ჰეერლეში საქართველოს პოპულარიზაციას.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ლიმბურგის რეგიონის ქალაქ ჰეერლეს მუნიციპალიტეტში შეხვედრით დაიწყო. ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩს გიორგი შარვაშიძეს ჰეერლეს მერმა ემილ როერმერმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

შეხვედრის შემდეგ „შუშის სასახლეში“ ადგილობრივი მეწარმეებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. გიორგი შარვაშიძემ ქვეყნის უძველესი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის; საქართველოს,  როგორც  სტაბილური  და  განვითარებული ეკონომიკური ჰაბის და ქვეყნის საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკული და ტურისტული პოტენციალის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ ისაუბრა.  “ბოლო წლების განმავლობაში ნიდერლანდების სამეფო საქართველოში უმსხვილეს ინვესტორებს შორის არის. მიუხედავად ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესისა, ჯერ კიდევ არის ბევრი სფერო, რომლის ფარგლებშიც საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ჰოლანდიური კომპანია დაინტერესდეს საქართვლოში ბიზნესის კეთებითა და ინვესტიციების განხორციელებით“ -აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ქ. ჰეერლეს მერი ემილ როერმერი და სამხრეთ ლიმბურგის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანია ნიევიერა. ასევე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კომპანია „Heerwegen”-ის დამფუძნებელმა ალოის ბრუხემანმა. “ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ საქართველოსგან, როგორ შეიძლება ტრადიციების შენარჩუნებითა და სწორად გამოყენებით ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მასპინძლობა. ასევე მიხარია, რომ საქართველოს საელჩომ დაინახა ჩვენი რეგიონის პოტენციალი და მეწარმეებს ლიმბურგის რეგიონიდან ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობა მისცა“-აღნიშნა ალოის ბრუხემანმა.  ალოის ბრუხემანი საქართველოს შესახებ ჰეერლენში პრეზენტაციის გამართვის ინიციატორია. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მე-6 მემილიონე ტურისტის შესახებ გააცნო ინფორმაცია და პრეზენტაციის ბოლოს ჯესპერ ბლექის მიმართვაც აჩვენა, სადაც მან საქართველოში გატარებულ დაუვიწყარ დღეებზე და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე გათამაშდა ლატარიაც, რომლის სამ  გამარჯვებულს ქართული ღვინო გადაეცათ საჩუქრად.

ღონისძიების შემდეგ, საქართველოს საელჩოს სახელით გამართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინის ნაირსახეობა.

ლიმბურგის რეგიონში საქართველოს  საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკული და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებას ბიზნესმენები, მეწარმეები, სავაჭრო სამრეწველო პალატების, ბიზნეს გაერთიანების  50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც საქართველოში მოგზაურობისა და ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გამოთქვეს.