საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი კონცერტი და მიღება ნიდერლანდების სამეფოში

25 ივნისს ჰააგაში, თეატრში „Diligentia”, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ნინო ქათამაძის გრანდიოზული კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ელჩმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებაზე და დასახულ მიზნებზე. ასევე საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.  

გიორგი შარვაშიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე ისაუბრა და ქართულ დიასპორას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

კონცერტის დაწყებამდე საქართველოს ელჩმა კომპანია „Turkish Airlines”-ის მიერ დაწესებული ოთხი ავიაბილეთი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით გაათამაშა.

საქართველოს ელჩის სიტყვით გამოსვლების შემდეგ ნინო ქათამაძის დაუვიწყარი კონცერტი დაიწყო, რომელიც ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დასრულდა. კონცერტს 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

ნიდერლანდების სამეფოში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველო ევროპა“ - კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების სპონსორები არიან საქართველოს საპატიო კონსულები - კორნელის ხაისბერტუს დე იახერი და ბერნარდ სტუივინხა; კომპანია „Andere Wijn”; ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და კომპანია „Tika Tours”-ის მფლობელი თიკა სვანიძე-ვენკო. მუსიკოსების გადამყვანია ავიაკომპანია „Turkish Airlines”, ხოლო ნიდერლანდებში მათი მასპინძელია სასტუმრო „Stay Bridge Suite”. ასევე განსაკუთრებული მადლობა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართველ შეფ-მზარეულს ნატალია ჩადუნელს.