საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ევროჯასტს (Eurojust) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

 2019 წლის 28 მაისს, პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „საქართველოსა და ევროჯასტს (Eurojust) შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტს, ჰააგაში ხელმოწერილი შეთანხმება.
 
შეთანხმება მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროჯასტი) ერთად მძიმე დანაშაულების, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, ცვლილებები იქნა შეტანილი შემდეგ ნორმატიულ აქტებში: „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი.
 
შეთანხმება არეგულირებს ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებს და აყალიბებს შესაბამის მექანიზმებს. კერძოდ, საქართველო და ევროჯასტი, სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში მოქმედ წარმომადგენელთა მეკავშირეობის მეშვეობით, წარმართავენ დანაშაულთან ბრძოლის ყველა პროცესს. მათ შორის დანაშაულის გამოძიებისას აუცილებელი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფორმალობებს.
 
ევროჯასტთან თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ საქართველოს მოუწოდებს ევროპული კომისია. ევროკავშირის აღნიშნული სულისკვეთება იკითხება როგორც ასოცირების შეთანხმებაში, ასევე 2017-2020 წლების საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.
 
შეთანხმება ძალაში შევა და იქცევა საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად მას შემდეგ, რაც საქართველო და ევროჯასტი ერთმანეთს აცნობებენ აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.