საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ელჩმა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის საზაფხულო კურსების სტუდენტებს უმასპინძლა. გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები.  

ასევე შეხვედრის დროს გიორგი შარვაშიძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მომზადებული ვიდეო აჩვენა სტუდენტებს.