საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდა

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. 4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.

ჰააგის სამრეკლოს ზარებმა ასევე დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლოთ. ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა.

ქართული კომპოზიციების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი".