საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წამლების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის წესი

 
ფიზიკურ პირს ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შეუძლია შემოიტანოს სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 1-ის I სიაში შეტანილი „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებისა“) 31 დღის მარაგი. აღნიშნული პროდუქციის შემოტანისთვის ფიზიკურმა პირმა საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით - აპოსტილით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი.

    http://www.incb.org/documents/Psychotropics/guidelines/travel-regulations/2013-travellers-update/GEO_26_August_2014_Original_travellers_II_-_LTR_-_table.pdf

    რეცეპტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • ფიზიკურის პირის სახელი გვარი, სქესი და ასაკი
    • დიაგნოზი
    • ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სავაჭრო და გენერიული დასახელება
    • წამლის დოზირებული ფორმა
    • ტაბლეტის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა
    • წამლის მიღების წესი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა1
  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი და გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი
  • გამომგზავრების ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
    • უწყების (ორგანოს) დასახელება
    • იურიდიული მისამართი
    • საკონტაქტო პირი
    • ტელეფონი
    • დანიშნულების ქვეყანა

საბაჟო სამსახური აკონტროლებს მგზავრის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის (რაოდენობა და სახეობა) შესაბამისობას, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი მოწმდება ბეჭდით და ხელმოწერით და უბრუნდება ფიზიკურ პირს. აღნიშნული დოკუმენტი ინახება ფიზიკური პირის მიერ ქვეყანაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში და შესაძლებელია მისი საბაჟო უწყებისათვის ჩაბარება (არ არის სავალდებულო) ქვეყნის დატოვების შემდეგ.

1 თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას მაშინ მონაცემები შეიტანება მე-3-ე პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტში

 
ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის წესები

ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საბაჟო გამშვებ პუნქტს, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტი“. დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს:
    • განცხადება, სადაც აღნიშნულია დანიშნულების ქვეყანა და ვიზიტის მიზანი
    • ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N:IV-100/ა)
    • ნოტარიალურად დამოწმებული რეცეპტის ასლი
    • ნოტარიალურად დამოწმებული ექიმის სერტიფიკატი
    • სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს დანიშნულების ქვეყანა

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გამოწეროს ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების ის რაოდენობა რაც ესაჭიროება პირს დანიშნულების ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, მაგრამ არაუმეტეს აღნიშნულ ქვეყანაში დადგენილი რაოდენობისა.2

ნარკომანიით დაავადებულ პირებს, ჩანაცვლებითი მკურნალობის შემთხვევაში უფლება აქვთ გაიტანონ ჩამნაცვლებელი საშუალებების 4 დღის მარაგი, ხოლო „მეთადონის“ შემთხვევაში არაუმეტეს 320 მგ-ისა.

საქართველოს საბაჟო სამსახური აკონტროლებს მგზავრის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის (რაოდენობა და სახეობა) შესაბამისობას, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი მოწმდება ბეჭდით და ხელმოწერით და უბრუნდება ფიზიკურ პირს.

2 ნებადართულია საქათველოში ინდივიდუალური საჭიროებისათვის შემოტანილი დაურეგისტრირებელი ნივთიერებების გამოწერაც

ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის წესები ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირებისათვის

ფიზიკური პირის მიერ, ინდივიდუალური საჭიროებისთვის, ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საბაჟო გამშვებ პუნქტს, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:

  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. რეცეპტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • ფიზიკურის პირის სახელი გვარი, სქესი და ასაკი
    • დიაგნოზი
    • ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სავაჭრო და გენერიული დასახელება
    • წამლის დოზირებული ფორმა
    • ტაბლეტის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა
    • წამლის მიღების წესი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა3
  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი და გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი
  • გამომგზავრების ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული, რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
    • უწყების დასახელება
    • იურიდიული მისამართი
    • საკონტაქტო პირი
    • ტელეფონი
    • დანიშნულების ქვეყანა

საქართველოს საბაჟო სამსახური აკონტროლებს მგზავრის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის (რაოდენობა და სახეობა) შესაბამისობას, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი მოწმდება ბეჭდით და ხელმოწერით და უბრუნდება ფიზიკურ პირს.

იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც თავის მხრივ ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნისა და გამოწერის საფუძველს.

3 თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას მაშინ მონაცემები შეიტანება მე-3-ე პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტში

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრა

ინდივიდუალური საჭიროებისათვის ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანოს ან საქართველოს ტერიტორიიდან გაიტანოს შემდეგი რაოდენობის სამკურნალო საშუალებები (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტისა):

  • სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე არაუმეტეს 10 სტანდარტული წამლის შეფუთვა;
  • თუ ფიზიკურ პირს ვიზიტის პერიოდში ესაჭიროება 10 შეფუთვაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულის ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე*, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე
  • თუ საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროება სამკურნალო საშუალების 10 სტანდარტულ შეფუთვაზე მეტის შემოტანა, ნებადართულია საჭირო რაოდენობის საშუალებების შემოტანა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე*, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე

ინდივიდუალური საჭიროებისათვის ფიზიკურ პირს უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანოს ან საქართველოს ტერიტორიიდან გაიტანოს შემდეგი რაოდენობის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები:

  • სამკურნალო საშუალებს დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკური პირის სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამკურნალო საშუალებს დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.

* შესაბამისი დოკუმენტაცია შეიძლება იყოს: რეცეპტი, ავადმყოფობის ისტორია, ექიმის დანიშნულება და ა.შ. (მაგ. საქართველოს შემთხვევაში „ფორმა 100“).