საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“

დედაენის დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო გეგმავს ღონისძიებას დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით.

პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დედა ენის აღსანიშნავი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, მიმდინარე წლის 14 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. დედაენის დღის ფარგლებში, ჩატარდება კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია ჩვენს თანამემამულეებში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავს ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ. მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა წარმოადგინონ სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესსე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები. ენის კონკურსის გარდა, სასურველია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადდეს და ამავე ელექტრონულ მისამართზე გამოიგზავნოს 15-20 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელშიც მოზარდები მოკლედ, საკუთარი ინტერპრეტაციით, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, საქართველოს მიულოცავენ დედა ენის დღეს.

ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 14 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება, გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები. ამავე დღეს მოეწყობა ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სადაც მოზარდები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, ი. გოგებაშვილის ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო პირია საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველი, ლელა შველიძე: მობ.: +995 591 11 12 04.



stopcov.ge

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal