საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დისკუსია თემაზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი: გამოწვევები მაშინ და ახლა“

5 ნოემბერს, კლუბში “Sociëteit De Witte”, დისკუსია თემაზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი: გამოწვევები მაშინ და ახლა“ გაიმართა. საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძე კლუბის „საერთაშორისო მაგიდამ“ (International Table) სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვია. ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს, ამ თარიღის მნიშვნელობის და ამჟამად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. „ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე“- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ. 

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყნის თანამედროვე ისტორიის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ. მან აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა იქნას მოაზრებული, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. „ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპელები და ვეკუთვნით ევროპას“.

დისკუსიის დროს ასევე სიტყვით გამოვიდნენ ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანსუაზა კომპანიენი და „საერთაშორისო მაგიდის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საერთაშორისო მოლაპარაკებების ანალიტიკოსი, პოლ მეერთსი.

კლუბის “Sociëteit De Witte”  წევრები ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ექსპერტები, ანალიტიკოსები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები არიან.