საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„Global Entrepreneurship Summit 2019“-ის ფარგლებში ელჩებისა და მეწარმეების ვახშამი გაიმართა

4 ივნისს ჰააგაში ელჩებისა და მეწარმეების ვახშამი გაიმართა, სადაც ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული 40 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან  ერთად საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიიღო მონაწილეობა.   

ვახშამზე გიორგი შარვაშიძემ უხელმძღვანელა ერთ მაგიდას, რომლის ირგვლივაც, ორ რაუნდად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული მეწარმეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩის მაგიდაზე მოხვედრის სურვილი ოცზე მეტმა მეწარმემ გამოთქვა. ვახშამზე ელჩებთან ერთად მიწვეული იყვნენ 300 მეწარმე 88 ქვეყნიდან და ჰააგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ვახშამს ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი სიგრიდ კააგი.  

ელჩებისა და მეწარმეების ვახშამი „Global Entrepreneurship Summit 2019”-ის ფარგლებში შედგა. სამიტი 3-5 ივნისს ჰააგაში იმართება. სამიტის ორგანიზატორია ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდების სამეფო. მეწარმეთა სამიტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2 ათასზე მეტი მეწარმე, ინვესტორი და კომპანია იღებს მონაწილეობას.  „Global Entrepreneurship Summit“-ზე ყოველწლიურად წამყვანი მეწარმეები და კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა გლობალური პრობლემის გადაჭრას და ახალი თანამშრომლობის გზების დამყარებას ცდილობენ. სამიტი 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დღემდე მონაწილეობა მიიღო 20 ათასმა მეწარმემ. 2010 წლიდან დღემდე სამიტის შედეგად 1 მილიარდზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოხდა.

სამიტში მონაწილეობას იღებენ ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. ასევე სამიტში მონაწილეობს ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. „GES 2019“-ის თავმჯდომარე ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი სიგრიდ კააგია.

საქართველოდან სამიტში მონაწილეობას იღებს სამი კომპანია: “Cargon”, „Lingwing“ და „English language Center (ELC)“.