საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

22 აგვისტოს საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტების ორ ჯგუფს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების სწავლებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ეწვიონ სხვადასხვა საელჩოს და გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას.

საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის 30 სტუდენტს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს.

შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები.