საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მომღერალ ლაშა ღლონტის კონცერტი და ახალი დიასპორული ორგანიზაციის დაარსება ნიდერლანდების სამეფოში

5 ოქტომბერსაქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამსტერდამში, მომღერალ ლაშა ღლონტის კონცერტს დაესწრნენ. კონცერტი ახლადდარსებული დიასპორული ორგანიზაციის „World of Diaspora“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით იწყებს საქმიანობას ნიდერლანდების სამეფოში.

ღონისძიება ანსამბლ „მესხეთის“ მრავალჟამიერით გაიხსნა. კონცერტის დაწყებამდე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნეს. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, რომელმაც წარმატება უსურვა „World of Diaspora”-ს.

ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ლალი ბუთბაიამ, იზოლდა კვიციანმა და ნინო უბილავამ დიასპორული ორგანიზაცია „World of Diaspora“ 2019 წელს დააფუძნეს. სამივე დამფუძნებელი აფხაზეთიდანაა. ორგანიზაციის მიზანია მიგრაციის და ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება როგორც ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

დიასპორული ორგანიზაციის დაარსებას მიესალმება საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე: დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება, უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გარშემო, მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში თუ არსებული გამოწვევების დაძლევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ნებისმიერ საინტერესო წამოწყებას, რომელიც საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სასიხარულო და იმედის მომცემია World of Diaspora-ს მესვეურთა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ“.