საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 43 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა პერიოდში უპრეცედენტო ეროვნული ერთიანობის მაგალითი აჩვენა, მშობლიური ენის სტატუსი სიცოცხლის ფასად დაიცვა და ქართულ ენას ძეგლიც კი დაუდგა.

ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის საზომი და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ, 14 აპრილი თავისუფლებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოცაა.

საქართველოს სახელმწიფო უდიდეს მნიშვნელობას და პრიორიტეტს ანიჭებს ქართული ენის ცოდნის ამაღლებასა და პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ქართული ენა და კულტურა აღიქმება, როგორც უმნიშვნელოვანესი ხიდი საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის. სწორედ ამ უხილავი ხიდის განმტკიცებას ემსახურება „დედა ენის დღის“ ფარგლებში დაგეგმილი კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მონაწილეებმაც კალიგრაფიულად შესრულებული მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“ უნდა წარმოადგინონ.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო კონკურსის თითოეულ მონაწილეს მშობლიური ენის მიმართ გამოხატული სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“ -წერდა გრიგოლ ორბელიანი, და ალბათ პირიქითაც შეიძლება ითქვას: რა ენა აღდგეს, ერიც აღორძინდეს. აღორძინებას, წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ ქართველ ერს „დედა ენის დღეს“ და ვუსურვებ, რომ არასდროს დავკარგოთ ის საუნჯე, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა და რომელშიც აღბეჭდილია ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ჩვენი ცნობიერება, იდენტობა, ეროვნულობა და სულიერება.