საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღონისძიება “Wie is de Mol” საქართველოში“

19 მარტს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ღონისძიება „Wie is de Mol”- საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ  ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც რეალითი შოუს ეფექტისა და  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა შოუს შემქმნელებს მე-18 სეზონის საქართველოში გადაღებისათვის და ტურიზმის პოპულარიზაციისათვის. 

ღონისძიებაზე პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ტურაშვილმა, რომელმაც საქართველოსათვის Mol-ის ეფექტზე და მოლოდინებზე ისაუბრა და კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ეთერი გაიაშვილმა, რომელმაც კომპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს.  ასევე, ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ღვინის კლუბის წევრმა დავით ჯიშკარიანმა და დამსწრე საზოგადოებას ქვევრის ღვინის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ფოლკლორული ანსამბლისათვის „მესხეთი“ მოესმინა, რომლებმაც შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ბოლოს წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

შოუს მე-18 სეზონის გადაღება საქართველოში საელჩოს ხელშეწყობით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით მოხდა. მოთამაშეებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და სათავგადასავლო ხასიათის დავალებები უნდა შეესრულებინათ. რეალითი შოუს სხვადასხვა ეპიზოდში წარმოჩენილი იყო როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ისე ქართული კულტურა, არქიტექტურა, პოლიფონია და ბევრი სხვა ასპექტი. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “Wie is de Mol“-ის არსებობის ისტორიაში, იმ ქალაქებსა და ქვეყნებში, სადაც სეზონის გადაღება მიმდინარეობდა მკვეთრად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა.