საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რეალითი შოუ „Wie is de Mol”-ის გულშემატკივრის დღე

ჰოლანდიური რეალითი შოუს „Wie is de Mol”-ის გრანდიოზული ფინალის შემდეგ, 17 მარტს ქ, ჰილვერსუმში, სტუდია „AVROTROS”-ის ტერიტორიაზე, გულშემატკივრის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე გულშემატკივრები  შოუს მონაწილეებს და გადამღებ ჯგუფს შეხვდნენ.  საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ღონისძიებაში მონაწილეობა სპეციალურად მიწვეული სტუმრების სტატუსით მიიღეს.

შოუს მე-18 სეზონის გადაღება საქართველოში მიმდინარეობდა და არაერთ ეპიზოდში წარმოჩენილი იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალი, კულტურა, პოლიფონია, არქიტექტურა და სხვა ასპექტი.

გულშემატკივრის დღეს, საქართველოს საელჩოს, თბილისის და ახალციხის მერიების დახმარებით, ჰოლანდიელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ქართული ფოლკლორული ანსამბლისთვის „მესხეთი“ მოესმინა. ანსამბლის წევრებმა შოუს მერვე ეპიზოდში მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალურად, გულშემატკივრის დღისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო კუთხე მოაწყვეს, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ყოველ წელს გულშემატკივრის დღეს იმართება აუქციონი, რომლის დროს შეგროვილი თანხა ორგანიზაცია “Save the Children”-ს გადაეცემა. წელს გამართულ აუქციონზე მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ საქართველოს ავიახაზების მიერ დაწესებული ორი ავიაბილეთი და კომპანია „Tika Tours”-ის მიერ დაწესებული ექვს დღიანი ტური საქართველოში. ასევე, გათამაშდა საქართველოში ჰოსტელ „ფაბრიკას“ ხუთი ვაუჩერი, რომლის მფლობელებმაც ხუთ დღიანი ორ ადგილიანი ნომერი მოიგეს.