2022 წლის 14-16 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, ნიდერლანდები-საქართველოს მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, შეხვედრები გამართა ნიდერლანდების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართულ დელეგაციაში, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტმა და ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ.
14 თებერვალს, მინისტრის მოადგილე შეხვდა ნიდერლანდების პრემიერ მინისტრის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში, ჯოფრი ვან ლიუვენს. დელეგატებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობისა და სამუშაო ვიზიტების შესაძლებლობები.
15 თებერვალს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ნიდერლანდები-საქართველოს მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები. მის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ამავე დღეს, მინისტრის მოადგილე შეხვდა ნიდერლანდებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და Think Tank-ების წარმომადგენლებს.
16 თებერვალს, თეიმურაზ ჯანჯალია წარსდგა ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე, სადაც ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესიის შესახებ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მასსა და პარლამენტარებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში, გაიმართა დისკუსია.