პირველი ქართული საკოლექციო 8000 ევროს ღირებულების ბანკნოტი
ა.წ. 26 სექტემბერს, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა საკოლექციო ბანკნოტების საერთაშორისო გამოფენა MIF 2024, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 68 ქვეყნიდან ჩამოსულმა კოლექციონერმა და ნუმიზმატმა. ღონისძიების ფარგლებში, ისტორიულ შატო ნეერკანში (Château Neercanne), სადაც 1992 წლის 7 თებერვალს თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა მაასტრიხტის შეთანხმების ხელმოწერით საფუძველი ჩაუყარეს ევროკავშირს და მის ერთიან ვალუტას, კომპანიამ Treasurium დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პირველი ქართული საკოლექციო 8000 ევროს ღირებულების ბანკნოტი.
სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ სიმბოლურია ერთიანი ევროპისათვის ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილას, ევროში ნომინირებული პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის პრეზენტაცია, რომელზეც ქართული იდენტობის სიმბოლოები ალავერდი, დავით გარეჯი, „შენ ხარ ვენახი“, ქვევრი და ბორჯღალი არის გამოსახული.
საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების და ზოგადად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, MIF 2024-ის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მოეწყო ქართული ღვინის საღამო, რომელზეც დამსწრე საზოგადოებამ არა მარტო დააგემოვნა ქართული ღვინოები, არამედ მიიღო ინფორმაცია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილის, ქართული ღვინის წარმოების მრავალათასწლიანი ტრადიციის და მიმზიდველი ტურისტული მიმართულების შესახებ.
პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის წარდგენის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი.