Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს ნიდერლანდების სამეფოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

ნიდერლანდებში ელჩად დანიშვნისთანავე, ჩემი პირველი მოსაზრებები ამ ქვეყნის დიდი შესაძლებლობებისა და უაღრესად მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის გარშემო კონცენტრირდა. პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნიდერლანდები ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა და მისი წარმატებები ეფუძნება ნიდერლანდების საზოგადოების ლიბერალურ და ინკლუზიურ მიდგომებს. 

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა და დინამიურად ვითარდება მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეფუძნება. ნიდერლანდები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ნიდერლანდები ასევე ჩართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა. ნიდერლანდები, როგორც ნატოს და ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყანა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ბოლო ათწლეულში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, მჯერა, რომ ნიდერლანდები კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

დღეს ნიდერლანდები წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო პარტნიორსა და ინვესტორს. საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს ნიდერლანდების განვითარების ბანკთან (FMO), რომლის დაფინანსებითაც, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები. სწრაფი ტემპებით ვითარდება თანამშრომლობა კულტურისა და განათლების, მედიცინის, გარემოს დაცვის, სპორტისა და სხვა ჰუმანიტარული მიმართულებებით. გასულ წლებში, საქართველოს ასობით მოქალაქემ მიიღო განათლება ნიდერლანდების სასწავლო დაწესებულებებში.

მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში. საქართველო ნიდერლანდების ჯგუფის წევრია ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებში, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველი და ჰოლანდიელი მშვიდობისმყოფელები, მსოფლიოს ცხელ წერტილებში, გვერდი-გვერდ სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში მსახურობდნენ.

ჯერ კიდევ ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოში მუშაობისას, აღმოვაჩინე, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს ბევრი საერთო აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე - თანამედროვე განზომილებებში: ორივე ქვეყნის ისტორია წარმოადგენს ბრძოლას თავისუფლებისათვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისათვის. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოველთვის ეფუძნებოდა ზოგად ევროპულ მსოფლმხედველობას და ქვეყნის ისტორია მნიშვნელოვანწილად არის ამ ღირებულებებისთვის ათასწლოვანი ბრძოლა, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ევროპული იდენტობა ჩამოაყალიბა.

ორივე ქვეყნისთვის დამახასიათებელია მაღალი მედეგობა, გაუმკლავდეს გამოწვევებს. ორივე ქვეყნის ეკონომიკებში, მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიმცირისა, ოდითგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მიწათმოქმედებას.  ნიდერლანდებში სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგარი მიწების ფართობს ზღვასთან ჭიდილით ზრდიდენ, საქართველოში კი - მაღალ მთასთან. ნიდერლანდებმა წარმატებულად შეძლო საკუთარი სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესთან შეთავსება, საქართველოსთვის კი განსაკუთრებით ძვირფასია ჰოლანდიური გამოცდილება, რათა  გარემოსდაცვითი და მდგარდი განვითარების პრინციპების დაცვით, გააგრძელოს საკუთარი სოფლის მეურნეობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი დიპლომატისათვის შესაძლებლობა - წარმოადგინოს საკუთარი სახელმწიფო ნიდერლანდების სამეფოში, არის არა მარტო უდიდესი პატივი, არამედ - უდიდესი გამოწვევაც. იმედს გამოვთქვამ, რომ საელჩოს  გუნდის ძალისხმევისა და ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერით, არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით.

ამ კუთხით, მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ნიდერლანდებში მოღვაწე ქართული დიასპორის მიმართ, რომელიც, როგორც სახალხო დიპლომატიის მოწინავე რგოლი, მნიშვნელოვან მისიას ასრულებს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მუდმივ განახლებასა და შემდგომ განვითარებაში.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე და სოციალური ქსელების ანგარიშებზე (Facebook, twitter)  სტუმრობისათვის. აღნიშნული დაგეხმარებათ, მეტი შეიტყოთ საელჩოს საქმიანობის, შეთავაზებული მომსახურებების და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მონაწილოებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უფრო მრავალფეროვანს გავხდით.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

დავით სოლომონია