ნიდერლანდების სამეფო
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 22 აპრილს.
2001 წელს საქართველოში გაიხსნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.
1998-2007 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოდან.
1992-2001 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა რუსეთის ფედერაციაში ნიდერლანდების საელჩოდან.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის არსებული ორხმრივი თანამშრომლობა მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, 2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში და შეხვედრა კოლეგა მინისტრთან. საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის საპარლამენტო ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში თანდათანობით გააქტიურდა. განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ასევე სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და წევრების დონეზე.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.
ნიდერლანდები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, ჩართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში (EUMM).
საქართველოსა და ნიედრლანდებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო ბოლო წლების განმავლობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს და 2011 წლიდან შედის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში. ამასთან, საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს ნიდერლანდების განვითარების ბანკთან (FMO), რომლის დაფინანსებით საქართველოში განხორციელდა და ხორციელდება ინვესტიციები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, ინფრანსტრუქტურა, წარმოება და მომსახურება. დინამიურობით გამოირჩევა თანამშრომლობა ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტოსთან (RVO), რომელიც ხელს უწყობს და ეხმარება ქართველ მეწარმეებს სასოფლო-სამეურნეო, ინოვაციურ და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერობების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდები-საქართველოს ბიზნეს საბჭო.
ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა, მმართველობის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა.
ქართველ დიპლომატებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაში.
2012 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოება, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას და ხელს უწყობენ ნიდერლანდებში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ბმულები:
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი