Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ენის დღე ლაიდენის უნივერსიტეტში

2023 წლის 14 აპრილს, ლაიდენის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევრაზიული ენების კათედრის ხელმძღვანელმა, ეგბერტ ფორტაუნმა, რომელმაც ქართულ მხარეს მიულოცა დედაენის დღე და სიამაყით აღნიშნა, რომ ლაიდენის უნივერსიტეტი უკვე 10 წელია ქართული ენის ყოველწლიურ კურსს მასპინძლობს.

ელჩმა დავით სოლომონიამ, სამადლობელ სიტყვაში, ისაუბრა 14 აპრილის მნიშვნელობასა და ისტორიულ დატვირთვაზე, რომ სწორედ მაშინდელმა საპროტესტო გამოსვლებმა გააჩინა საზოგადოებაში უდიდესი მუხტი, რამაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა. მან ხაზი გაუსვა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ნიდერლანდებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გაძლიერების თვალსაზრისით. ელჩის განცხადებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავაც მიზანმიმართულად იზღუდება ქართული ენა, რაც წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ქართული ენის შესახებ ლექცია წაიკითხა ნიდერლანდელმა ლინგვისტმა, ლაიდენის უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ლექტორმა, იესე ვიხერს სხრეულმა. ქართული ენის სწავლის პროცესზე ისაუბრა ბრიტანელმა სტუდენტმა, პატრიკ ნორენმა, ხოლო 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პრეზენტაცია მოაწყო საელჩოს მრჩეველმა, ხუტა სალიამ.

ღონისძიების შემდგომ, გაიმართა ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.