პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნიდერლანდების გენერალურ შტატებში
2022 წლის 5 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეწვია ნიდერლანდების სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს, გენერალური შტატებს, სადაც იგი შეხვდა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ვერა ბერხკამპსა და სენატის თავმჯდომარეს, იან ენტონი ბრაუნს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, სექტორული კომიტეტების დონეზე.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნიდერლანდების მხარის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეები მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობისკენ მიმართულ გზაზე და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის მხადაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, იყვნენ დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.